უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, გასულ კვირას უკრაინელებმა ბახმუტის მახლობლად 3 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.
"ჩვენი ჯარები სამხრეთ ფლანგზე, ბახმუტის გარშემო წინ მიიწევენ. გასული კვირის განმავლობაში, უკრაინელებმა [ბახმუტის მახლობლად] 3 კვადრატული კილომეტრის გათავისუფლება შეძლეს.
საერთო ჯამში, ბახმუტის გარშემო 43 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული", - ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.
მალიარის თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ფრონტის ხაზზე ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინელი დამცველები კონტრშეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით აგრძელებენ.