
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების პოზიცია მკაფიოა: უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.
საფრანგეთის განცხადება მოჰყვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვანსის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შესაძლოა მოუწიოთ იმ ტერიტორიებზე უარის თქმა, რომლებიც ამჟამად მათ კონტროლს ექვემდებარება.
"უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და მისი ევროპული მისწრაფებები ევროპელებისთვის არაკომპრომისული პირობებია," — ნათქვამია მაკრონის ოფისის კომენტარში, რომელსაც ევროპული პრავდა ავრცელებს.
განცხადება გაკეთდა ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებების ფონზე, სადაც უკრაინის დელეგაცია — პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრი იერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა — დასავლელი პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და გერმანიის წარმომადგენლებს შეხვდა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე სასაუბროდ.