27 იანვარს, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგთიკომის აბონენტებს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სერვისები არ მიეწოდებოდათ. კომპანიის ცნობით, დაზიანდა როგორც ევროპიდან შემომავალი ინტერნეტშეერთება თურქეთის ტერიტორიაზე, ისე, სარეზერვო მაგისტრალური არხი აჭარაში.
"გაცნობებთ, რომ მაგთიკომის ინტერნეტ შეერთება საქართველოში გადაზღვეული არხებით შემოდის ევროპიდან. 27 იანვარს დაზიანება დაფიქსირდა თურქეთის ტერიტორიაზე, სადაც დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო ვერ ხერხდება პარტნიორი კომპანიის ტექნიკური ჯგუფების დაზიანების წერტილამდე მისვლა.
რაც შეეხება სარეზერვო მაგისტრალური არხის დაზიანებას, 27 იანვრის 21:21-ზე საქართველოს მხარეს, აჭარის ტერიტორიაზე, დაფიქსირდა სამ წერტილში საეჭვო დაზიანება (გადაცემულია სამართალდამცავ ორგანოებზე).
მაგთიკომის ტექნიკური ჯგუფი საგანგებო რეჟიმში მუშაობდა პრობლემების აღმოსაფხვრელად და 28 იანვრის 01:54-ზე სრულად აღმოიფხვრა სამივე დაზიანება.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
გუშინ, საქართველოში მაგთის ინტერნეტი გაითიშა - მომხმარებლები წერდნენ, რომ ინტერნეტით ვერ სარგებლობდნენ.