"მადლობა ევროპარლამენტს" - პაპუაშვილი გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე

"მადლობა ევროპარლამენტს" - პაპუაშვილი გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს ოკუტანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"მადლობა ევროპარლამენტს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის დაგმობისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერი ძლიერი გზავნილისთვის.

საქართველო გააგრძელებს მჭიდრო კონსულტაციებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, რათა ოკუპაციის პრობლემა დღის წესრიგში დარჩეს და იძულებული გახდეს რუსეთი, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს პატივი სცეს", - დაწერა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 495-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა, 7-მა ევროპარლამენტარმა კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 552-მა დეპუტატმა მიიღო.

"საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოში", - ამ სახელწოდებით რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტის რამდენიმე ჯგუფია, ინიციატორი კი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა.

***

თამაზ გინტური 6 ნოემბერს სოფელ კირბალში რუსმა ჯარისკაცმა მოკლა. შემთხვევის დროს მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი ოკუპანტებმა გაიტაცეს, რამდენიმე დღეში კი ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცეს.

დოთიაშვილი იხსენებს, რომ ლომისის ტაძარში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეები გამოჩნდნენ. თავდაპირველად რუსმა ჯარისკაცმა გამაფრთხილებელი ტყვია გაისროლა, რის შემდეგაც, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი მას გაესაუბრნენ, შემდეგ ტერიტორია დატოვეს. მანქანაში ჩასხდომიდან რამდენიმე წუთში რუსმა ჯარისკაცმა გამიზნული სროლა დაიწყო. დოთიაშვილი ამბობს, მანქანიდან დაჭრილი თამაზ გინტურის გადმოყვანის შემდეგ მან სასწრაფოში დარეკა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისივე თქმით, ადგილზე კიდევ 7 რუსი ჯარისკაცი გამოჩნდა, რომლებიდანაც ერთ-ერთმა მას დაარტყა, მიწაზე დააწვინა და ბორკილები დაადო.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს. ცხინვალში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდო მკვლელები არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.