მაჭარაშვილის თქმით, "ხალხის ძალა" უმრავლესობას ტოვებს და "ჯანსაღ ოპოზიციას დაუდებს სათავეს"

მაჭარაშვილის თქმით, "ხალხის ძალა" უმრავლესობას ტოვებს და "ჯანსაღ ოპოზიციას დაუდებს სათავეს"

ქართული ოცნების სატელიტმა პარტიამ, ხალხის ძალამ გადაწყვიტა ერთპარტიული პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს. როგორც გურამ მაჭარაშვილმა თქვა, ამის მიზანი "ჯანსაღი ოპოზიციის" ჩამოყალიბებაა. მის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

2022 წელს ქართული ოცნება რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და ცალკე პარტია ხალხის ძალა ჩამოაყალიბა. მაშინ მიზეზად გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით შეუთავსებლობა დასახელდა. ამავე დროს, ხალხის ძალა დარჩა საპარლამენტო უმრავლესობაში, მისი წევრები კი ქართული ოცნების საარჩევნო სიაშიც კი მოხვდნენ. მათ შორის ხალხის ძალა იყო 2023 წელს რუსული კანონის ინიაციატორი, რომელსაც ოცნებამ მხარი დაუჭირა და საბოლოოდ 2024 წელს პროტესტის ფონზე მიიღო.

"სამწუხაროდ, ყველა პრობლემასთან ერთად, ქვეყანაში არის ის პრობლემა, რომ პრაქტიკულად არ არსებობს ოპოზიცია, არ არსებობს ის ჯანსაღი ძალა, რომელმაც უნდა შეასრულოს თავისი როლი, რასაც ჰქვია ოპოზიციის როლი, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ედებატოს ხელისუფლებას, წინსვლისთვის აკრიტიკოს ხელისუფლება. კარგად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია შევარქვით ოპოზიციას და ამანაც არ უშველა. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ დღეს გვყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, მაგრამ სამწუხაროდ, გვყავს უცხოური ძალების მიერ დაფინანსებული ე.წ. რადიკალური ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, ჩვენ პოლიტიკურმა პარტიამ, ხალხის ძალამ გადავწყვიტეთ, დავტოვოთ საპარლამენტო უმრავლესობა და ამით სათავე დავუდოთ საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას. ჩვენ დავანახებთ მოსახლეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რაც, სამწუხაროდ, დავიწყებული აქვთ, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც პარლამენტშია, არ არის ხელისუფლებაში, მაგრამ უნდა იღვაწოს საქართველოს ინტერესებისთვის", - თქვა მაჭარაშვილმა.