ლუკაშენკო: ვაგნერის მებრძოლებს დასავლეთით უნდათ წასვლა

ლუკაშენკო: ვაგნერის მებრძოლებს დასავლეთით უნდათ წასვლა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლებს "დასავლეთით უნდათ წასვლა".

ამის შესახებ ლუკაშენკომ რუსეთში, პუტინთან შეხვედრისას განაცხადა. პეტერბურგში ის რამდენიმე საათის წინ ჩავიდა. ლუკაშენკო ამბობს, რომ ვაგნერის მებრძოლები ვარშავისა და ჟეშუვისკენ ითხოვენ წასვლას და მათ შესაჩერებლად პუტინს დახმარებას სთხოვს.

"ვაგნერელები დასავლეთით ითხოვენ წასვლას. მე ვეუბნები: რა გინდათ დასავლეთით? ამბობენ, ექსკურსიაზე წავალთ ვარშავასა და ჟეშუვშიო... რა თქმა უნდა, მე ისინი ბელარუსის ცენტრში მყავს. არ მინდა, დისლოკაციის ადგილი შეიცვალონ, იმიტომ, რომ ძალიან ცუდი განწყობა აქვთ. ისიც უნდა ვთქვა, რომ იციან, რა ხდება საკავშირო სახელმწიფოს გარშემო", - აცხადებს ლუკაშენკო.

1 ივლისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა. 14 ივლისს კი ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.

24 ივნისს, რუსეთში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ლიდერი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.

მოგვიანებით, კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა და ის ბელარუსში გაემგზავრა.