ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიები არასდროს უთხოვია.
"პირდაპირ რომ გიპასუხოთ კითხვაზე: მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში, მეორე კი ამაზე საუბარი ჩვენ არც კი გვქონია. ჩვენ ორჯერ ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით. პირველი შემთხვევა მაშინ იყო, როდესაც დავურეკე და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც ისინი [ვაგნერელები] მოსკოვში მარშით მიდიოდნენ.
მე ვუთხარი: "ჟენია, გესმის, რომ ხალხს დაღუპავ და თავადაც მოკვდები?", ცხელ გულზე ამ ადამიანმა ფრონტის ხაზიდან თქვა: "ჯანდაბა, მოვკვდე!", მე ვუთხარი: „ჟენია, ახლა თოკს და საპონს გამოგიგზავნი“, მან მიპასუხა: "არა, არა, არ მინდა ასე მოვკვდე. გმირულად მოვკდები". ეს იყო პირველი საუბარი, მეორედ კი ჩემთან დიმა უტკინთან ერთად მოვიდა", - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ამასთან, ლუკაშენკო პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ პუტინს ამასთან "საერთო არაფერი აქვს".
"ვერ ვიტყვი, ეს ვინ გააკეთა. მე ჩემი უფროსი ძმის [პუტინის] ადვოკატიც კი არ გავხდები. მაგრამ ვიცნობ პუტინს, ის არის წინდახედული, ძალიან მშვიდი და თუნდაც ნელი ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, რომ პუტინმა ეს გააკეთა და დამნაშავეა", - ამბობს ლუკაშენკო.
23 აგვისტოს, ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრების სიაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელი, ევგენი პროგოჟინიც იყო. საერთაშორისო მედიების ცნობით, თვითმფრინავი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.