ლევან დოთიაშვილი: ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი

ლევან დოთიაშვილი: ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი

"ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი, მე პირადად", - ამის შესახებ ლევან დოთიაშვილმა ფორმულასთან სატელეფონო კომენტარში განაცხადა.

ამ ეტაპზე, დოთიაშვილი მეტ კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, მედიას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდის. ის გვიან ღამემდე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

"ყველა მაგ მოლოდინში ხართ, ჩემს პასუხს ელოდებით, რა მოხდა და რა არა. ცოტა ხანი, 1-2 საათი მაცადეთ, წამოვდგები ფეხზე და მოგცემთ [ინფორმაციას]", - აღნიშნა დოთიაშვილმა ფორმულასთან.

ოჯახის წევრების განცხადებით, დოთიაშვილს უჭირს მეტყველება და 6 ნოემბერს მომხდარის გახსენება.

ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი გუშინ გაათავისუფლეს და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთიძემ გუშინ განაცხადა, ლევან დოთიაშვილმა თქვა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მას დაკავების დროს სახის არეში დაზიანებები მიაყენეს და ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

***

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებული კი ლევან დოთიაშვილი იყო, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია.

ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.

თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ არის და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფება. როგორია ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად, სუს ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს. უწყებას ინფორმაცია არც მკვლელობის და გატაცების ზუსტი ადგილის შესახებ აქვს. დაახლოებით ტერიტორიად კი სახელდება ლომისის ეკლესია.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.