პარტია ლელო საქართველოსთვის ცნობით, სამი ძირითადი კომპანია, რომელიც რიკოთზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს, ეჭვმიტანილია სხვადასხვა დანაშაულში და გახვეულია კორუფციულ სკანდალებში მსოფლიო დონეზე.
ლელოს ცნობით, ამ კომპანიების ნაწილი მსოფლიო ბანკის მიერაა სანქცირებული, ასევე ისინი მხილებულნი არიან კორუფციასა და უხარისხო მშენებლობებში.
ჩუმათელეთი - ხევის მონაკვეთზე მუშაობს კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited (CSCEC)
პარტიის ცნობით, ჩუმათელეთი - ხევის მონაკვეთზე მუშაობს კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited (CSCEC), რომელიც მსოფლიო ბანკმა 2009 წელს შავ სიაში შეიყვანა და ექვსი წლის ვადით მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილეობა აეკრძალა. საქმე ეხებოდა ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამას, რომელშიც, ლელოს ცნობით, კომპანია კორუფციულ სკანდალში გაეხვა.
"გარდა ამისა, CSCEC მანამდეც იყო მხილებული არაკეთილსინდისიერებაში, რადგან 2004 წელს თავად ფილიპინების მთავრობამ დაბლოკა კომპანია 1 წლის ვადით რეგულაციების დარღვევის გამო." - წერია ლელოს განცხადებაში.
ხოლო 2020 წელს ამერიკამ CSCEC კიბერ ჯაშუშობაში დაადანაშაულა და აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტებს აუკრძალა, გამხდარიყვნენ CSCEC აქციონერები.
ლელოს ცნობით, კომპანიას აგრეთვე უკავშირდება სკანდალები პაკისტანსა და უნგრეთში.
ხევი - უბისას მონაკვეთზე (Asian Development Bank) - Hunan Road and Bridge Construction Group
ლელოს ინფორმაციით, ამ კომპანიას უკავშირდება სკანდალები ჩინეთსა და უგანდაში. ჩინეთში მათი უხარისხო მშენებლობის გამო ჩამოინგრა ტუოჯიანგის ხიდი, რასაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარტიის ცნობით, ფაქტზე ჩინეთის ხელისუფლებამ დააკავა კომპანიის წევრები ქრთამის აღების, დაუდევრობის და ორგანიზებული დანაშაულისთვის.
უბისა - შორაპანის მონაკვეთზე (European Investment Bank) - China Road and Bridge Corporation
ლელოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 2009 წელს მსოფლიო ბანკმა China Road and Bridge Corporation-ს ფილიპინებში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებული თაღლითური პრაქტიკის გამო სანქციები დაუწესა. 2015 წელს კი კენიის სასამართლომ აღნიშნული კომპანიის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაცდომები გამოავლინა.
გარდა ამისა, ლელოს ცნობით, კომპანიის სახელს უკავშირდება სკანდალები უგანდაში, ყირგიზეთში თუ ხორვატიაში.