ლავროვის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები კიევის მაიდანს აგონებს

ლავროვის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები კიევის მაიდანს აგონებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები კიევის მაიდანს აგონებს. ამის შესახებ მან რუსულ პირველ არხთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ძალიან ჰგავს კიევის მაიდანს. ეჭვგარეშეა, რომ კანონი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ, რომლებიც საკუთარი ბიუჯეტის მხოლოდ 20%-ს იღებე უცხოეთიდან, იყო მხოლოდ საბაბი, რათა დაწყებულიყო, ხელისუფლების ძალით შეცვლის მცდელობა", - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა გაიმეორა ნარატივი, რომ ქართული კანონპროექტი ბევრად "რბილი იყო", ვიდრე აშშ-ის კანონი უცხოური აგენტების შესახებ და დასავლეთს აკრიტიკებდა.

მასშტაბური გამოსვლებისა და პროტესტის შედეგად, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

დეპუტატებმა კანონპროექტი არც კი განიხილეს, პირდაპირ კენჭისყრაზე დააყენეს.

ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს, დილას განაცხადა. თავდაპირველად, ოცნება ამ კანონპროექტს მხარს უჭერდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო. პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა.

შსს-მ 2 დღეში აქციებზე ჯამში 133 ადამიანი დააკავეს, დღეს საღამოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლეს.