
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირისა და NATO-ს ხელმძღვანელების მხრიდან ზეწოლაა მიზეზი, რის გამოც, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას.
"ნათელია, რომ ის [ტრამპი] უზარმაზარი, მე ვიტყოდი, უხამსი ზეწოლის ქვეშაა ევროკავშირისა და NATO-ს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან, რომლებიც უცერემონიოდ უჭერენ მხარს ზელენსკის მოთხოვნებს, გააგრძელონ უკრაინის მომარაგება თანამედროვე იარაღით, მათ შორის თავდასხმითი იარაღით. ეს კი დასავლეთის ქვეყნებში გადასახადის გადამხდელებისთვის კიდევ უფრო დიდი ზიანის მიყენების ხარჯზე ხდება. - თქვა ლავროვმა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 17 სისტემას გადასცემს, რომელთა უმეტესობის ფრონტზე განლაგება იგეგმება.
ამას გარდა, დღეს ამერიკულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტრამპი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის "აქეზებდა" მოსკოვზე იერიშის მიტანაზე.
Washington Post-ს წყარომ ასევე გაანდო, რომ მოსალოდნელია, დონალდ ტრამპმა კიევს დართოს ნება, გამოიყენოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. სავარაუდოდ, საუბარია, უკრაინაში ამჟამად უკვე განლაგებულ ATACMS-ის ტიპის 18 რაკეტაზე, რომელთა რადიუსიც 300 კილომეტრია.