ძლიერი წვიმის გამო ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტი დაიტბორა და რეისების ნაწილი გადაიდო. აეროპორტში ჩამოინგრა ჭერის ნაწილიც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დღეს რუსულ ავიაკომპანიას Red Wings პირველი ფრენა უნდა შეესრულებინა. თვითმფრინავი 23:00 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, პარალელურად, დაგეგმილი იყო აქციაც.
10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.
ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.