ქორიძე: სამხარაძემ დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა, მანველიძემ ნივთი მესროლა

ქორიძე: სამხარაძემ დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა, მანველიძემ ნივთი მესროლა

ჟურნალისტი და მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ბათუმის შერატონში თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

ის ჰყვება, რომ თავს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მანველიძე 10-მდე ადამიანთან ერთად თავს დაესხნენ.

ამავე სასტუმროში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ გიორგი გახარიასაც. ექიმის თქმით, გახარიას ტვინის შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა აქვს.

თავდასმა გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო შერატონში მოხდა.

"სასტუმრო შერატონის ფოიეში ვიჯექი. უცბად, რამდენიმე მაგიდასთან იყვნენ ადამიანები, რომლებიც სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე იქიდან წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე".

დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებ შენო"... დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბად, დავინახე, რომ ყველა იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემკენ. როდესაც მივუახლოვდი უკვე მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან.

იყო მუქარა, გინება. შემდეგ დაცვამ გამიყვანა. ერთი მცდელობა იყო, რომ რაღაც ნივთი მომარტყეს, რომლითაც სათვალე დატყდა და მაქვს დაზიანება და მეორე - აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, თვითონ ასე გამომეცნაურა გიორგი მანველიძე, აიღო რაღაც ქილა, რომელშიც მიწა იყო, შეიძლება, ყვავილიც იყო და მესროლა. მოხვდა მაგიდას და დაიმსხვრა ქილა"- აცხადებს ქორიძე.