ქობულეთის საკრებულოში ქართული ოცნებისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო.
ხმაური სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის კრიტიკულ კითხვებს მოჰყვა. დეპუტატებს შენიშვნები ჰქონდათ მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით. ისინი ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე დაუსრულებელ პროექტებზე საუბრობდნენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ.
კადრებში ჩანს, რომ თავდაპირველად, ენმ-ის დეპუტატს, სოლომონ ბაჯელიძეს ჰკრეს ხელი, რის შემდეგად დაპირისპირებაში სხვებიც ჩაერთნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები. სიტუაციის დაძაბვის გამო, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის, სოლომონ ბაჯელიძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს დასმულ კითხვებზე პასუხი არ აქვთ და ჩხუბსა და შეურაცხყოფაზე გადადიან.
"ჩვენ ვსაუბრობდით ხელისუფლების მიერ კონკრეტულ კორუფციულ სქემებზე, კონკრეტულ კომპანიებზე. ამ ადამიანებს აღიზიანებთ ყოველთვის, როცა ვსაუბრობთ კორუფციაზე და კონკრეტულ ფაქტებზე. ამის ატანა არ შეუძლიათ და გადმოდიან ჩხუბსა და შეურაცხყოფაზე. გიორგის [გოგიტიძე] მხრიდან შეურაცხმყოფელი სიტყვები წამოვიდა ჩემი მისამართით და მივედი ადგილზე, რომ განემარტა, რის საფუძველზე მესაუბრებოდა ასე. ამ დროს აგრესია გამოავლინეს და წამოვიდნენ ჩხუბით", - განაცხადა მან.
შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით ფორმულას კითხვაზე, გოგიტიძე ამბობს:
"კიდევ ძალიან ბევრჯერ მოისმენ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელ კოლეგას არ აინტერესებს ბიუჯეტთან დაკავშირებით შემოსული საკითხი. არ აინტერესებს მოსახლეობის კეთილდღეობა, მას მხოლოდ ეს სიტყვა ერგება, რადგან ისინი ხელს უშლიან მომავლის განვითარებას", - თქვა გოგიტიძემ.