ხაზარაძე: საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

ხაზარაძე: საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია

ლელოს ერთ-ერთი ლიდერისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მისი და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს.

ხაზარაძე ამ გადაწყვეტილებას "გულდასაწყვეტს უწოდებს", თუმცა მის დეტალებზე არ საუბრობს.

მამუკა ხაზარაძის პრესსამსახურში ფორმულას უთხრეს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ადვოკატები ამ საკითხზე განმარტებას ხვალ გააკეთებენ.

"საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მე და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შევიტანეთ.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სამწუხაროდ, "ქართულმა ოცნებამ", რუსეთის დაკვეთით, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება.

ხელისუფლება მრავალი წელია აცხადებს, რომ პორტის მშენებლობაზე მუშაობას იწყებენ. ამასობაში კი, ოთხი წელი გავიდა, პორტი ისევ არ არსებობს და ათიათასობით ქართველმა დაკარგა ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა და ქვეყანამ - რეგიონული განვითარების უპრეცედენტო შანსი.

ოქტომბერში ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მთავრობას ამ წარუმატებლობისთვის. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ პროექტს განაგრძობენ საეჭვო რეპუტაციის და დასავლეთში სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ერთად, რომელსაც აკონტროლებს კომუნისტური პარტია, რომელიც მხილებულია კორუფციაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებაში, დაუმთავრებელ პროექტებსა და შრომით ექსპლუატაციაში.

რაც მთავარია, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მაგალითზე ვნახეთ, რამდენი პრობლემა ჩნდება, როდესაც ეს მთავრობა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინელ კონტრაქტორებს აბარებს. ჩინურ კომპანიებს დაქირავებული მუშახელი უცხოეთიდან ჩამოჰყავთ და შექმნილ სამუშაო ადგილებს ქართველების ნაცვლად უცხოელები იკავებენ.

ჩვენ გვაქვს ანაკლიის სწორ გზაზე დაბრუნების მარტივი გამოსავალი: ეს მთავრობა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, შევცვალოთ პროევროპული კოალიციური მთავრობით, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება.

ჩვენ დავაბრუნებთ კეთილსინდისიერ დასავლელ ინვესტორებს, დავასრულებთ პროექტს მაღალი დასავლური სტანდარტების შესაბამისად და ანაკლიაში შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს, "მარშალის გეგმის" ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ქართველებისთვის. ჩვენ ავაშენებთ ანაკლიას"- წერს ხაზარაძე.

***

ანაკლიის პორტის პროექტი მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო.

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა.

TBC ბანკის დამფუძნებლების და ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი ბრალი წარუდგინა მათ. მათ ბრალი 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში (ფულის გათეთრებას) ედებოდათ.

3-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრების მუხლი ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობის თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა, დამნაშავედ სცნო და სამივეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი არ დააპატიმრეს.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებდა და ხელისუფლების მხრიდან ანაკლიის პორტის პროექტის მიზანმიმართულ ჩაგდებაზე საუბრობდა.