ხაბეიშვილი: 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გრიგორიადისის გათავისუფლება იქნება

ხაბეიშვილი: 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გრიგორიადისის გათავისუფლება იქნება

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება იქნება.

ხაბეიშვილის თქმით, 9 აპრილის აქცია უკავშირდება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და შეუძლებელია, არ იყოს დაყენებული მოთხოვნად ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება.

"9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ადამიანი, ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ჰყავდეთ ტუსაღობაში აყვანილი, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის და ამასობაში, ჩვენ მთავარ მოთხოვნად არ დავაყენოთ ლაზარეს გათავისუფლება.

ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ აქციაზე, ისევე როგორც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღება, ვგულისხმობ, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და მეტიც, მივესალმები ამ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ ეს აქცია იქნება ზეპარტიული, ეროვნული დღე 9 აპრილი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ურყევად უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ერთმანეთი არ უნდა დავტოვოთ მარტო", - თქვა ხაბეიშვილმა.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.