ქარტია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში

ქარტია: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, არ შეუშალოს ხელი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში და შეწყვიტოს მათზე სიტყვიერი თავდასხმები.

ქარტია აღნიშნავს, რომ მედიასაშუალებები მაქსიმალურად ცდილობენ საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ დაკარგულ ადამიანებზე, სამძებრო სამუშაოებსა და ხელისუფლების მხრიდან დაგეგმილ თუ დაუგეგმავ აქტივობებზე.

მათი განცხადებით, ამის პარალელურად, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათთვის მიუღებელი და კრიტიკული კითხვების გამო, სიტყვიერად თავს ესხმიან მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

"ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მთის ამბების ჟურნალისტებს, რომლებიც პირველი საათების განმავლობაში იყვნენ ინფორმაციის მთავარი წყარო და ამ დრომდე აქტიურად მუშაობენ ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს კი წყალში გადაგდებით დაემუქრნენ.

საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებთ, რომ მედიის მოვალეობაა საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია და დასვას კრიტიკული კითხვები, ხოლო ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, უპასუხოს ამ კითხვებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საუბარია ამ მასშტაბის ტრაგედიაზე და საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი და ლეგიტიმური კითხვები", - აღნიშნავენ ქარტიაში.

გუშინ მთის ამბებმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ამბროლაურის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ელიზბარ კობახიძე გამოცემის ჟურნალისტებს შეურაცხყოფას აყენებს.

"გადაგაგდებ წყალში", - უთხრა მან ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს.

გამოცემის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლები და მასთან დაახლოებული პირები მთის ამბებს მთელი დღის განმავლობაში საყვედურობდნენ შოვის სტიქიის გაშუქებას და რამდენჯერმე დაძაბულობის პროვოცირებაც მოახდინეს.