ქარტია: ეფექტიანად გამოიძიეთ აქციაზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები

ქარტია: ეფექტიანად გამოიძიეთ აქციაზე ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მხრიდან ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

ქარტია მიიჩნევს, რომ პოლიციის ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს.

"2024 წლის 17 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ონლაინგამოცემების „პუბლიკის" ჟურნალისტს ალექსანდრე ქეშელაშვილს, სცემეს “აპრილის” ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური, და “ტაბულას” ჟურნალისტი გიორგი ბადრიძე.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ონლაინმედიის ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის, ჰომოფობიური შინაარსის შემცველი მუქარებისა და პროფესიული საქმიანობის შესრულებაში უკანონოდ ხელის შეშლის გამო.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები.

ქარტია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თითოეული ასეთი ქმედება ახალისებს ძალადობას და საგანგაშოდ სახიფათოს ხდის ჟურნალისტების სამუშაო გარემოს. დამატებით, ონლაინმედიის ჟურნალისტების ისედაც მძიმე უფლებრივ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ბოლო სამ დღეში მიღებული, სრულიად უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილებები, რის შედეგადაც ონლაინმედიის რეპორტიორებს რუსული კანონის განხილვაზე პარლამენტის შენობაში არ უშვებენ" - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 16 აპრილს სპეცრაზმელები მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 11 ადამიანი.

რუსული კანონის განხილვა პარლამენტში 16 აპრილს დაიწყო. მისი მოსმენა 17 აპრილს, სიტყვით გამოსვლებით განახლდება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი კანონს პირველი მოსმენით კენჭს 17 აპრილს უყრის.

მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, ქართული ოცნება ამბობს, რომ კანონპროექტის გაწვევას არ აპირებს.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.