ვაკეში მდებარე ლუი კოფის მეპატრონე ამბობს, რომ კორპუსის მაცხოვრებელი ქალი უკვე წლებია, მათ ავიწროვებს და ემუქრება, რადგან იმ ადგილზე, სადაც ლუი კოფი მდებარეობს, თავისი კაფეს გახსნა უნდა.
ვიდეოში, რომელსაც ის ავრცელებს, ჩანს, რომ მაგიდასთან 6 ადამიანი ზის, მათ შორის სამი ბავშვი, შენობიდან კი მათ წყალს ასხამენ. მისი თქმით, მსგავსი რამ ქალმა რამდენიმე თვის წინაც გააკეთა. მეტიც, მეპატრონე ყვება, რომ 2020 წლის აგვისტოში ქალის ქმარმა მას, სამი პოლიციელის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა.
მისი განცხადებით, ამ კონკრეტულ წყლის გადასხმის შემთხვევაზე და აქამდეც პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა რეაგირება არ ხდება.
"მეზობელმა ქალბატონმა, ლუი კოფის შენობის მოსაზღვრე სახლის ამხანაგობის თავმჯდომარემ დაგვიწყო დატერორება, მიზეზად კი ვითომდა სუნი მოიდო, რომელიც გამოდის ჩვენი კერძების დამზადებისას და რომელიც ცუდი ვენტილაციის გამო პირდაპირ მასთან აღწევს (ყურადღებით !) მე-6 სართულზე.
მე-6 სართული - ეს ხომ 18 მეტრით ზევითაა. უბრალოდ დაფიქრდით "პრეტენზიის" რეალურობაზე, როცა 2,5 წლის მანძილზე (2018 წლის იანვრიდან 2020 წლის ივნისამდე) არც მას, არც შენობის სხვა რომელიმე ბინადარს ეს "სუნი" არ აწუხებდათ იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენი მენიუ მას შემდეგ არსებითად არ შეცვლილა.
არაერთჯერადი შემოწმებები სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან ადასტურებდა როგორც სუნის არარსებობას, ისე ჩვენი სავენტილაციო სისტემის გამართულ მდგომარეობას, მაგრამ ეს აბსოლუტურად არ აბრკოლებდა მეზობელ ქალბატონს", - ყვება მეპატრონე.
მისი თქმით, ქალს უნდა, მან ობიექტი დახუროს, რადგან იქ თავისის გახსნას გეგმავს.
"ჯანსაღი ადამიანისათვის აშკარაა დამნაშავეს მიზანი: პარალიზება გაუკეთოს ჩვენს მუშაობას და გვაიძულოს დავტოვოთ შენობა, რათა შემდგომ, ჩვენს მიერ გამთბარ მიწაზე გახსნას საკუთარი დაწესებულება. სხვათა შორის, ეს მიზანი არაერთხელ დადასტურდა თავად მეზობელი ქალბატონის მხრიდან, როდესაც ის ყველას უყვებოდა - პოლიციელიდან დაწყებული, ლუი კოფის სტუმრებით დამთავრებული, რომ დროა აქ დაბრუნდეს დაწესებულება სახელწოდებით ფრანცია, რომელიც აქ ადრე ფუნქციონირებდა და ძალზე პოპულარულიც იყო", - ამბობს ის.
მისი განცხადებით, ქალს ხშირად შეაქვს საჩივრები, რის საფუძველზეც მათ 4 ორგანო მუდმივად ამოწმებს, ამის გამო კაფე მუშაობას აჩერებს და მას მნიშვნელოვანი ზარალი ადგება.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, წლების განმავლობაში მეპატრონის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე თუ დაწყებულა გამოძიება ან თუ გამოკითხულა ქალი და მისი ქმარი. მათ პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.