აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში ვიზიტი დაიწყო - მან ოფიციალური შეხვედრების დროს ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე ომზე ისაუბრა და თქვა, რომ აშშ ორიენტირებულია, ომი არ გავრცელდეს.
"ჩვენ ინტენსიურად ვართ კონცენტრირებული და ვმუშაობთ იმაზე, რომ კონფლიქტი არ გავრცელდეს", - თქვა მან კატარის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ეს ბლინკენის მეოთხე ვიზიტია. კატარის შემდეგ ის ისრაელშიც მიემგზავრება და თელ-ავივში მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
მანამდე ისრაელის მთავრობის წევრებს ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც შეხვდნენ - აშშ აცხადებს, რომ ეს არის მცდელობა მუდმივად იყვნენ კონტაქტში.
ბლინკენის ვიზიტი დროში ემთხვევა ბოლო პერიოდში ლიბანიდან ჰეზბოლას მიერ ისრაელზე განხორციელებულ გახშირებულ თავდასხმებს - ისრაელმა კვირას განაცხადა, რომ წინა ღამით ჰეზბოლას სარაკეტო იერიშმა ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიული ბაზა დააზიანა.