კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც კინოცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია, ამბობს, რომ არაფერი იცის კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე. ამის შესახებ ის ფორმულას სატელეფონო საუბრის დროს ესაუბრა.
"ვერაფერს ვერ გეტყვით, რადგანაც ისიც არ ვიცოდი, რომ ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა. მივალ, გავიგებ და როცა იქნება... ახლა არ მცალია... კინო იცით რა არის? ტექნიკა მუშაობას და ზიხარ იქ და უნდა იმუშაო. მივალ საღამოს, ალბათ, და გავიგებ ყველაფერს..." - თქვა კოკოჩაშვილმა.
კინოცენტრში კინემატოგრაფები არიან შეკრებილნი და ახალ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვენ. ისინი აპროტესტებენ რეორგანიზაციას და პროცესების პოლიტიზებაზე საუბრობენ.
კინოცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრომ მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
მისი თქმით, წულუკიანმა რეორგანიზაცია დაიწყო, კინოცენტრის დებულებაში ცვლილებები შეიტანა, ხოლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაია დანიშნა - ის კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსიცაა.
კობა ხუბუნაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 2021 წელს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ აღსრულების ეროვნულ ბიუროში საფინანსო საკითხებში ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი იყო.
დღეს, 13 ივნისს კი ცნობილი გახდა, რომ პროპაგანდისტული, სახელისუფლებო არხის POSTV-ის ჟურნალისტი, ბაჩო ოდიშარია კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. მისივე თქმით, კინოცენტრში "რეორგანიზაციაში ჩაერთვება."