ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მორიგი განცხადების შემდეგ, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ "არაფერი არ არის შეჩერებული".
ის ირწმუნება, რომ "თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში".
"არაფერი არ არის შეჩერებული, თუ რამე არის შეჩერებული, ეს არის სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტეგრაცია ევროკავშირში. როცა შენი ეკონომიკური მდგომარეობა არის კრიზისის ზღვარზე და ამ ზღვარს მიღმა, როცა გაქვს კატასტროფული ვითარება დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის თვალსაზრისით, კორუფციის კუთხით, პოლიტიკური პლურალიზმის და მედია პლურალიზმის კუთხით, იქ ჩერდება ზუსტად ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველოში არის ყველაფერი რადიკალურად განსხვავებულად - გვაქვს დემოკრატიის მაღალი ხარისხი, პოლიტიკური პლურალიზმის მაღალი ხარისხი, მედია პლურალიზმის მაღალი ხარისხი, კორუფციის დაბალი დონე, ყველა მიმართულებით გვაქვს ისეთი ვითარება, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ 2030 წლისთვის ჩვენ გავხდეთ პირველი ევროკავშირის წევრი ქვეყანა", - ამბობს კობახიძე.
კობახიძე კვლავ ამტკიცებს, რომ "ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაფუძნებული მოლოდინია", რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი-საქართველოს და საქართველო-აშშ-ს "ურთიერთობები შეიცვლება და აღდგება სამართლიანობა".
"მე მგონია, რომ მთლიანობაში ვითარება შეიცვლება, ურთიერთობები შეიცვლება და აღდგება სამართლიანობა, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. დიდწილად, წლების განმავლობაში ისედაც იყო უსამართლო მიდგომები, მაგრამ ეს უსამართლობა აღწევს უკვე ძალიან დიდ მასშტაბებს 2022 წლიდან მოყოლებული და ეს უსამართლობა დამთავრდება და ამის შემდეგ გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი ლოგიკაზე და ინფორმაციაზე დაფუძნებული მოლოდინი", - ამბობს ის.
17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სხდომის შედეგად, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილეს, წევრმა სახელმწიფოებმა ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა, ამავე დროს, შეშფოთებას გამოხატავს მთავრობის ქმედებების მიმართ.