კობახიძე თავს ესხმის 3 მოსამართლეს, რომლებმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირეს

კობახიძე თავს ესხმის 3 მოსამართლეს, რომლებმაც განსხვავებული აზრი დააფიქსირეს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, იმპიჩმენტის წარდგინების ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე თავს ესხმის საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს, რომლებმაც გადაწყვეტილებაში განსხვავებული აზრი დააფიქსირეს.

კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სამი მოსამართლის განსხვავებულ აზრს "შემაშფოთებელი" და "აბსურდული" უწოდა, მოსამართლეები კი "მიკერძოებაში" დაადანაშაულა.

ოცნების თავმჯდომარემ მოსაზრებიდან მაგალითებიც მოიყვანა, რომელიც მისი აზრით "აბსურდულია".

"განსხვავებულ აზრში გვხვდება ასეთი ჩანაწერი - "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიერ პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია, შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად... შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს" - აქ ნახეთ, რაშია საქმე. სამი მოსამართლე საკუთარ ექვს კოლეგას აბრალებს იმას, რაც არ დაუწერიათ. ასეთი რამე არ წერია დასკვნაში. როდესაც სამი მოსამართლე ექვს მოსამართლეს აბრალებს იმას, რაც არ დაუწერიათ, ეს უკვე მიკერძოებაზე მეტყველებს.

კიდევ ერთი ჩანაწერი - "პრეზიდენტი არის ერის უპარტიო ლიდერი". ასეთი რაღაცები შეიძლება, ზოგიერთ სახელმძღვანელოში შეგხვდეთ, მაგრამ როდესაც ეს იწერება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების განსხვავებულ აზრში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, რა არის ამის მიზეზი.[...]

შემდეგ გხვდება ჩანაწერი - "ნორმის მიზანი არ არის რაიმე სახის აკრძალვის დაწესება საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარალელური საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებით" - ანუ ისინი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს შეიძლება, ჰქონდეს პარალელური პოლიტიკა მთავრობასთან ერთად. ეს ერთი აბსურდი, შემდეგ გრძელდება ეს ყველაფერი - "როდესაც საქართველოს კონსტიტუციას სურს კონკრეტული შეზღუდვის დაწესება, პირდაპირ უთითებს ამგვარ შეზღუდვაზე, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ პოლიტიკური პარტიის წევრობას (იხ., საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი)"- ნახეთ, რამდენად აბსურდულია ეს მსჯელობა, ნებისმიერი უფლებამოსილების შესახებ ჩანაწერი, შეიძლება შეიცავდეს თავის თავში აკრძალვას.

როცა წერია, მთავრობის თანხმობით, მთავრობის წარდგინებით, მაგალითად ელჩის დანიშვნა მთავრობის წარდგინებით - ეს ადგენს უფლებამოსილებას, მაგრამ ამასთან ერთად უკრძალავს პრეზიდენტს, მთავრობის წარდგინების გარეშე დანიშნოს ელჩი. ასეთ რაღაცებს როცა ვერ ხვდება საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლე, ეს ხომ შემაშფოთებელია?"- თქვა კობახიძემ.

ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ "ასეთი აბსურდული ჩანაწერების სამართლებრივი რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება".

"იურისტისთვის ცხადია, რამდენად აბსურდული ჩანაწერები გვხვდება განსხვავებულ აზრში. სხვა დეტალებს არც შევეხები. ჩვენ ვერ დავესხმებით თავს თუნდაც სამ მოსამართლეს და არ შეიძლება ინსტიტუტზე თავდასხმა, რაც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ არ შეიძლება, ასეთი აბსურდული ჩანაწრები, რომელიც გვხვდება განსხვხავებულ აზრში, დავტოვოთ სამართლებრივი რეაგირების გარეშე"- თქვა კობახიძემ.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ესწრება სალომე ზურაბიშვილიც.

***

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.