ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოჩამჩირეში რუსული ბაზის გახსნასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "მკაფიოდ" მიიჩნევს და აცხადებს, რომ "ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ".
"საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება. ეს არის ამ ეტაპზე ის რეაგირება, რომელიც ჩაითვალა საჭიროდ. ეს არის ხელისუფლების პოზიცია. რაც ჩაითვალა საჭიროდ, სწორედ ის რეაგირება გახმოვანდა ხელისუფლების მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო ერთადერთი რეაგირება, ესე იგი ასე ჩაითვალა საჭიროდ"- თქვა კობახიძემ.
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".
6 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამაზე განცხადება გაავრცელა და "შეშფოთება გამოთქვა".
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ "მსგავსი ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას" წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ამ საკითხს სხვა არცერთ სახელმწიფო უწყება არ გამოხმაურებია.
საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხს მხოლოდ განცხადებით გამოეხმაურა. მინისტრს თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.