ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მზია ამაღლობელის პატიმრობის დაკავშირება მედიასთან არის "აბსოლუტური სპეკულაცია". მან ამის შესახებ პროპაგანდისტულ ტელევიზია იმედში ისაუბრა.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელი მოქმედებდა ისე, როგორც "პარტიული აქტივისტი".
"ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი. თქვენ იცით, როგორც დამთავრდა სააკაშვილის სცენარი თავის დროზე, შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ხან ასე, ხან ისე. მაგრამ სახელმწიფო ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, ბუნებრივია, ისევე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. [..]
მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.
როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაცა რაღაცას მოინანიებს, იქ შეიძლება, ჰუმანურობაზე ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაცა აქტი, მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნეს ჩათვლილი.
რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ: რომ ძალიან ცუდად მოიქცა, ეს ქალბატონი, რომ არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს, და თქვენ იცით, რომ პოლიცია, ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი, და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. სხვა არაფერს არ ემსახურებოდა ეს ყველაფერი.
არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური ნაცმოძრაობიდან. ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საპატიმროდან", - ირწმუნება კობახიძე.