პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხაილ როთს "არეულს" უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან თქვა, როდესაც ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაზე საუბრობდა.
კობახიძის თქმით, ერთადერთი პრობლემა, რომელიც ეუთო/ოდირმა გამოკვეთა პოლარიზაციაა. პრემიერს ჰკითხეს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების ბრალდებები, თითქოს გარე ძალები ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, შუალედურ არჩევნებში ვერ მოხვდა.
"როცა არჩევნებამდე 2-3 კვირით ადრე, როცა მიდის საუბარი სანქციებზე, როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, როცა ბუნდესტაგი იღებს რეზოლუციას, როდესაც გამოდის პირდაპირ ბუნდესტაგის ერთ-ერთი არეული წევრი, მიხაილ როთი და პირდაპირ ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას, ეს ხომ ფაქტებია, რა შუაშია აქ უსაფუძვლობა, სად არის აქ უსაფუძვლობა, ყველაფერს აქვს თავისი მყარი საფუძველი", - თქვა კობახიძემ.
იმ ფონზე კი, როდესაც ეუთო/ოდირმა წინსაარჩვენო გარემოს ბევრ პრობლემაზე მიუთითა, კობახიძე ვერ ამბობს, რატომ არ მოხვდა მათი პრეტენზიები ანგარიშში.
"შეიძლება საბოლოო ანგარიშში მოხვდეს. თქვენ იდარდეთ იმაზე, რომ ეუთო/ოდირმა პოლარიზაციის გარდა ვერც ერთი არსებითი პრობლემა ვერ დაინახა საარჩევნო გარემოში. [...] ამან ეს მითხრა, იმან ეს მითხრა, ეს არაა პრობლემის იდენტიფიცირება. რაში გჭირდებათ თქვენ სხვა ინსტიტუციის მტკიცება ან ჩანაწერი. როდესაც მიხაილ როთი, არეული ადამიანი ბუნდესტაგიდან, ბუნდესტაგის შენობიდან ატარებს კამპანიას რადიკალური ოპოზიციისთვის, რაში გვჭირდება აქ ეუთო/ოდირი?" - თქვა კობახიძემ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომრამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ.
OSCE/ODIHR წერს, რომ, მართალია, პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს ყურადღებას აქცევს, მაგრამ განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს.