საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისევ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით მართა.
ამასთან, კობახიძე ვახტანგ გომელაურსა და თითოეულ პოლიციელს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათი როლი ამ პროცესების მართვაში განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"მადლობა ბატონ ვახტანგ გომელაურს, პირადად მას და თითოეულ პოლიციელს. მათი როლი ამ პროცესების მართვაში იყო განსაკუთრებული და ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა თითოეულ პოლიციელს მოთმინებისთვის. ვიცით არაერთი ფაქტი, თუ რისი მოთმენა უწვედათ პოლიციელებს ამ დღეების განმავლობაში. ეს იყო უმძიმესი შეურაცხყოფა, უმძიმესი ფიზიკური თავდასხმები, თუმცა, საბოლოო ჯამში, შსს-მ პროცესები მართა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება.
"უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველო ნაცმაიდანი არ შედგა და არც არასდროს შედგება. ეს ყველაფერი გამოჩნდა წელს, გაზაფხულის მოვლენების დროს და ამ დღეებში. იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში", - აღნიშნა კობახიძემ.