ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათ მიერ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი იყო ის, რომ მმართველი პარტია ზურაბიშვილს "პრეზიდენტობის ღირსად აღარ მიიჩნევს.
ეს კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგენების განხილვისას თქვა და აღნიშნა, რომ მათი მიზანია, პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვოს.
"როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, ეს მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ ზურაბიშვილს ჩვენ აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად.
ჩვენ თავიდანვე გავაკეთეთ პოლიტიკური განცხადება ამაზე, რომ 100 ხმის მოლოდინი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონნი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას. შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს იმედი, რომ ამ გადაწყვეტილების გარშემო საქართველოს პარლამენტში 100 ხმა მოგროვდება, მაგრამ ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ წესით, პრეზიდენტი უნდა წავიდეს საკუთარ თანამდებობიდან. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის წინაშე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს პრეზიდენტის გადაყენებას. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განზრახვა და ამაზე ღიად გვქონდა საუბარი"- ამბობს კობახიძე.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა გრძელდება.
საქმეს პლენუმი განიხილავს. პრეზიდენტი პროცესს არ ესწრება. მისი წარმომადგენლები კი თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი არიან.
გადაწყვეტილების მისაღებად პლენუმს 2 კვირა აქვს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა პარლამენტის 2/3, ანუ 100 დეპუტატის ხმა. ამ ეტაპისთვის ქართულ ოცნებას საჭირო მხარდაჭერა არ აქვს.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.