ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მათ უთხრეს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი მომავალი წლის დეკემბერში განიხილება.
ის ირწმუნება, რომ 2024 წლის დეკემბრამდე და "უფრო ადრეც" მზად იქნებიან ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის.
"ჩვენ როგორც გვითხრეს, მომავალ წელს, დეკემბერში იქნება განხილული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი საქართველოსთვის. ჩვენ მანამდე და უფრო ადრეც ვიქნებით მზად იმისათვის, რომ საქართველოსთან გაიხსნას მოლაპარაკებები. ამისთვის, დაწყებულია და გაგრძელდება 9 პრიორიტეტის შესრულება. უფრო ადრეც ვიქნებით ჩვენ მზად იმისათვის, რომ საქართველოსთვის გაიხსნას მოლაპარაკებები.
ყველამ იცის, რომ რეალურად, ყველა თვალსაზრისით წინ უსწრებს როგორც უკრაინას და მოლდოვას, ისე მთელ რიგ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, რომლებთანაც უკვე გახსნილია მოლაპარაკებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დეკემბრისთვის მზად ვიქნებით მოლაპარაკებების გასახსნელად"- თქვა კობახიძემ.
14 დეკემბერს, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ევროგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.