
ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივ მოძრაობებებს "ფარს" და "ერთობას" ექსტრემისტულ დაჯგუფებებს უწოდებს, კოლექტიურ ნაცმოძრაობად მოიხსენიებს და მათ განეიტრალებაზე საუბრობს.
კობახიძე დღეს გამართულ ბრიფინგზე კვლავ დაესხა თავს საქართველოს უნივერსიტეტს და "სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული უწოდა". ამაზე მან გუშინ აქციაზე განვითარებული მოვლენების კონტექსტში ისაუბრა და თქვა, რომ ეს იყო "ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობა".
"როგორც მოგეხსენებათ, დამხობის მცდელობაც ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ უკვე ნაცმაიდნის მოწყობის მეხუთე მცდელობა ჩვენს ქვეყანაში, 4 წლის განმავლობაში ნაცებმა 5-ჯერ სცადეს უკვე ხელსუფლების დამხობა, მაიდნის მოწყობა, ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ამას გაეცა საკადრისი პასუხი გუშინ სახელმწიფოს მხრიდან.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მილიონ ასიათასზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, საბოლოოდ მოვაშოროთ ჩვენს ქვეყანას ეს სენი, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძროაბა. კოლექტიურ ნაცმოძრაობაში იგულისხმება შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, იგულისხმება ყველა უცხოელი აგენტი, რომელიც არ ასვენებს ამ ქვეყანას. ამაში იგულისხმებიან ის ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც მოქმედებენ უცხოური სპეცსამსახურების ინსტრუქციებით და დაფინანსებით, მათ შორის ამისათვის გამოიყენება, მაგალითად სააკაშვილის ოჯახის მიერ მიტაცებული უნივერსიტეტი, არის ასეთი ორგანიზაციები, როგორიცაა ფარი, ერთობა და ა.შ. ესაა ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომელთა და სხვა დაჯგუფებების მეშვეობით, ხდებოდა 100-150 კაცის მიერ ქუჩის გადაკეტვა და ა.შ. ეს არასწორია, 110-მა კაცმა არ შეიძლება მილიონ ასიათასს გადაუკეტოს ქუჩა. ამ ყველაფრის მიზანი იყო სახელმწიფოს დაზიანება, ქვეყნის დაზიანება. ამას ვერ ახერხებდნენ წარმატებით, მაგრამ მცირე ზიანს მაინც აყენებდნენ ამ ქვეყანას და სახელმწიფოს.
ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა მილიონ ასიათასზე მეტი ამომრჩევლის მიმართ, რომ მთლიანად გავანეიტრალოთ ეს პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობა, უცხოური აგენტურა ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ შედგეს სრულიად ჯანსაღი და ჯანმრთელი დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა"- თქვა კობახიძემ.