ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოსთვის ჩინეთთან თანამშრომლობას "კონკრეტული და ხელშესახები" შედეგების მოტანა შეუძლია.
ეს განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ჩინეთში ვიზიტით ყოფნის დროს გააკეთა. მან ასევე თქვა, რომ "ჩინეთთან თანამშრომლობა უკიდურესად მნიშვნელოვანია სხვადასხვა თვალსაზრისთ".
კობახიძე ქართული ოცნების დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამაზე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთება არ ღირს".
"რა თქმა უნდა, სპეკულაციური განცხადებები არის მოსალოდნელი ასეთ დროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენი თანამშრომლობა ჩინეთთან არის უკიდურესად მნიშვნელოვანი სხვადასხვა თვალსაზრისით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური თანამშრომლობა ჩინეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობას შეუძლია ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციებს, ამაზე განსაკუთრებული კომენტარის გაკეთება არ ღირს", - განაცხადა კობახიძემ.
გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
დელეგაცია პეკინსა და შანხაიში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან გია ვოლსკი, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკოლოზ სამხარაძე, დავით სონღულაშვილი, ნინო წილოსანი და ვიქტორ სანიკიძე.
ქართული ოცნების წევრების ჩინეთში ვიზიტი 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.