კობახიძე EU-ის ელჩს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და "დიპლომატიური რეაგირებით" იმუქრება

კობახიძე EU-ის ელჩს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და "დიპლომატიური რეაგირებით" იმუქრება

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და "დიპლომატიური რეაგირებით" იმუქრება. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"სამწუხაროა, რომ დეზინფორმაციის კამპანიაში ჩაერთო ევროკავშირის ელჩი ბატონი პაველ ჰერჩინსკი, თუმცა იმ ფონზე, რომ ევროკავშირის ელჩი უშუალოდ იყო ჩართული საარჩევნო აგიტაციაში რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ და მმართველი გუნდის წინააღმდეგ, რაც ვენის კონვენციისა და დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა, მისი დეზინფორმაციული განცხადება ჩვენთვის ნაკლებად იყო გასაკვირი.

ბატონი პაველ ჰერჩინსკი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იყო, ახლა ამტკიცებს, რომ ეს პროცესი თურმე საქართველოს ხელისუფლებამ შეაჩერა. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ თავს ვარიდებდით ამგვარ მოვლენებზე დიპლომატიურ რეაგირებას, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თუ ქცევის ცვლილებას არ ვიხილავთ, მომავალში ამგვარ ფაქტებზე, როგორც ევროკავშირის ელჩის, ისე სხვა შესაბამისი ელჩების მიმართ რეაგირება აუცილებლად გვექნება, საუბარია დიპლომატიურ რეაგირებაზე", - ამბობს კობახიძე.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების საკითხს მომდევნო 4 წელი არ დააყენებენ, "ძალიან სამწუხარო და გულსატკენი" უწოდა.

ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართული ოცნების გადაწყვეტილება "ეწინააღმდეგება, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას და ასევე, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნებას".

"ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია. [...]

ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, როგორც მე მესმის, და ასევე ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის ნებას. რა თქმა უნდა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება. ჩემი თვალსაზრისით, ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან დასანანია და გულსატკენია", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ. [პირველი არხის თარგმანი]