
კოალიცია ცვლილებისთვის განმარტავს, რატომ არ შეხვდნენ ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.
კოალიციას მიაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის სიცხადე და თანმიმდევრულობაა მნიშვნელოვანი.
"დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით - კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული.
აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.
სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ეუთო-ს გენერალური მდივანი თბილისში 22 აპრილს ჩამოვიდა. ის მხოლოდ ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა. პირველი შეხვედრა მან რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაკა ბოჭორიშვილთან გამართა.