თეთრი სახლის წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ის ყველა მოქალაქემ, მათ შორის ჟურნალისტებმა რუსეთი უნდა დატოვონ.
კირბის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია ამ დრომდე ცდილობს, დაკავებულ ამერიკელ ჟურნალისტთან შეხვედრა უზრუნველყოს.
"ვერ მივიღეთ საკონსულო წვდომა და ჩვენი საელჩოდან ვერავინ შეძლო მასთან შეხვედრა. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამაზე მუშაობას და ვიმუშავებთ იქამდე, სანამ საკონსულო დაშვებას არ მივიღებთ, რათა გავარკვიოთ, როგორ არის", - თქვა კირბიმ CNN-თან ინტერვიუს დროს.
აშშ-ის აქამდეც გაუფრთხილებია საკუთარი მოქალაქეები, თავი შეეკავებინათ რუსეთში მოგზაურობისგან. ახლა კი კირბიმ განაცხადა, რომ ეს მუშაობასაც ეხება:
"ახლა არაა იმის დრო, რომ ამერიკელები რუსეთში იყვნენ. თუ რუსეთში იმყოფებით, საქმით თუ სამოგზაუროდ, ნებისმიერი მიზნით, უნდა წახვიდეთ ახლავე. ეს არაა თქვენთვის საუკეთესო ადგილი, იმ შემთხვევაშიც თუ ჟურნალისტი ხართ. რუსეთი ახლა ამერიკის მოქალაქეებისთვის მტრული გარემოა".
30 მარტს ეკატერინბურგში ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი დააკავეს. რუსული სპეცსამსახურები აცხადებენ, რომ ჟურნალისტი თითქოსდა ჯაშუშობით იყო დაკავებული და ერთ-ერთი სამხედრო საწარმოს შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.