ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი მდიდრულ სამხედრო ბანკეტზე ცოლთან და შვილთან ერთად მივიდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, შვილის გამოჩენა შეიძლება კიდევ ერთი დასტური იყოს იმისა, რომ მას მამის მემკვიდრედ ამზადებენ.
პირველად ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შვილი გასული წლის ნოემბერში ბალისტიკური რაკეტის საცდელ ბაზაზე მამასთან ერთად გამოჩნდა. სწორედ მაშინ გაჩნდა პირველი ეჭვები, რომ კიმმა ძალაუფლების გადაბარებისთვის შვილის მომზადება დაიწყო.
კიმის ოჯახის შესახებ ოფიციალურად არაფერია ცნობილი გარდა იმისა, რასაც ადგილობრივი სახელმწიფო მედია ავრცელებს. არსებობს მხოლოდ ვარაუდები, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სამი შვილი ჰყავს.
კიმ ჩენ ინი ცოლთან და დაახლოებით 9 წლის გოგოსთან ერთად, რომელიც სავარაუდოდ მისი მეორე შვილია, ყაზარმებსა და შემდგომ ბანკეტს ეწვია, რომელიც კორეის სახალხო არმიის დაფუძნების 75 წლისთავს ეძღვნებოდა.
კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო (KCNA) იუწყებოდა, რომ ვახშამზე კიმის ხილვა მის "პატივსაცემ ქალიშვილთან" ერთად, სამხედრო ჩინოვნიკებისთვის ახდენილი ოცნება იყო.
ფოტოებზე ჩანს, რომ გოგო მშობლებთან ერთად შედის დარბაზში, სადაც მათ ტაშით ეგებებიან. ბანკეტის დროს კი ის მთავარ მაგიდასთან, მშობლების შუაში იჯდა.
მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით, კიმმა უკვე გააკეთა არჩევანი მემკვიდრესთან დაკავშირებით.