"კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ხვალ, 9 აპრილს თავისუფლების მარში გაიმართება. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო ორგანიზაციები, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირთვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები და სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.
მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება.
"9 აპრილს, 18 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, რუსული კანონის წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება!
შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის!
ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი!
ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი!
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ნათქვამია განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.