კანადა აშშ-ის საქონელზე საპასუხო ტარიფებს აწესებს

კანადა აშშ-ის საქონელზე საპასუხო ტარიფებს აწესებს

კანადა 5 მარტიდან აშშ-ის პროდუქციაზე 25%-იან ტარიფებს დააწესებს, თუ ვაშინგტონი კანადური საქონლის დაბეგვრას გააგრძელებს, - განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ.

ტრუდოს თქმით, 30 მილიარდი კანადური დოლარის (დაახლოებით 21 მილიარდი აშშ დოლარის) ღირებულების ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, ხოლო დარჩენილ 125 მილიარდ კანადურ დოლარზე (86 მილიარდი აშშ დოლარი) შეზღუდვები 21 დღეში შევა ძალაში.

"ჩვენი ტარიფები დარჩება ძალაში, სანამ აშშ არ გააუქმებს სავაჭრო შეზღუდვებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ მოხდება, პროვინციებსა და ტერიტორიებთან ერთად დამატებითი არასაბაჟო ზომების განხილვასაც ვაპირებთ," – განაცხადა ტრუდომ.

2025 წლის თებერვლის დასაწყისში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ახალი საბაჟო ტარიფების დაწესება კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე. კანადური და მექსიკური პროდუქციისთვის ტარიფი 25%-ს შეადგენდა, ხოლო კანადური ენერგორესურსებისთვის – 10%-ს.

ამ ნაბიჯის მიზეზად ტრამპმა დაასახელა აშშ-ის საზღვრების დაცვის გაძლიერების აუცილებლობა და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირების საჭიროება. ტარიფების დაწესებას მოჰყვა მექსიკისა და კანადის საპასუხო რეაქცია. ორივე ქვეყანამ გამოაცხადა, რომ აშშ-დან იმპორტირებულ პროდუქციაზე საპასუხო ტარიფებს დააწესებდნენ.

თუმცა, 3 თებერვალს, ტრამპმა მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან და კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტარიფების ამოქმედება 30 დღით გადადო. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც მექსიკა და კანადა დათანხმდნენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ზომების მიღებას.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება ამერიკელ მომხმარებლებს მძიმე ტვირთად დააწვება. მათ მტკიცებით, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდა პირდაპირ აისახება ინფლაციის გაძლიერებაზე, რაც აშშ-ის ეკონომიკისთვის ახალი გამოწვევა იქნება.

ეკონომისტები და სავაჭრო ექსპერტები შიშობენ, რომ კანადისა და მექსიკის საპასუხო ტარიფები დაარტყამს ამერიკულ ექსპორტს, რაც განსაკუთრებით აზარალებს ისეთ სექტორებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა და ტექნოლოგიები.

აშშ-ის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებმა ტარიფებს "მავნე და კონტრპროდუქტიული" ნაბიჯი უწოდეს, რაც, მათი აზრით, დააზარალებს ამერიკელ მწარმოებლებს და ბიზნესებს, რომლებიც მექსიკასთან და კანადასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი.

დამოუკიდებელი ანალიტიკოსების შეფასებით, პროდუქციის გაძვირება და სავაჭრო დაძაბულობა ზრდის რეცესიის რისკს და შესაძლოა, დამანგრეველი შედეგები ჰქონდეს აშშ-ის საშუალო კლასისთვის.