კალიურანდი/მიქსერი: ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს

კალიურანდი/მიქსერი: ვგმობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს გმობენ.

განცხადების ავტორები არიან: სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებში დელეგაციის თავმჯდომარე, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებში სვენ მიქსერი.

განცხადებაში ისინი ურყევ მხარდაჭერას იმეორებენ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

"ჩვენ ვგმობთ საქართველოს ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებს. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფიქციური არჩევნების ორგანიზება უხეშად არღვევს 2008 წლის აგვისტოში ევროკავშირის შუამავლობით დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში.

***

ე.წ. არჩევნებს გმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ლატვია და შვედეთიც. განცხადებაში ლატვია რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიას მოუწოდებს, უკან წაიღონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარება", ასევე, მიმართავს რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ "არჩევნებს" გმობს ისლანდიაც.

"რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე განცხადება გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელმაც ასევე დაგმო ე.წ. არჩევნები.