თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საჭირო იქნება გამზირის დროებით გადაკეტვა.
მისივე თქმით, წერეთლის გამზირის პარალელურად, დაიწყება დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია.
"აღდგომის დღესასწაულების შემდეგ დაიწყება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია და ასევე, შალიკაშვილის ხიდის, ე.წ დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია. წერეთლის გამზირზე განხორციელდება სრული რეაბილიტაცია. შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებიც არის უმძიმეს მდგომარეობაში, განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად დიდი პრობლემაა ამ გამზირის გადაკეტვა, რომელიც გამოიწვევს დიდ დისკომფორტს გადაადგილების თვალსაზრისით, თუმცა შეუძლებელია ამ მასშტაბის სამუშაოების წარმოება თუ არ მოხდება აღნიშნული გამზირის დროებით გადაკეტვა იმისთვის, რომ მიწისქვეშ არსებული მდგომარეობა და კომუნიკაციები რომ არ გავაკეთოთ.
შეიძლება იყვნენ ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ამის გაკეთება არ არის აუცილებელი და მხოლოდ მოხდეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ ამაზეც ვფიქრობდით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, მაგრამ ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხები იმიტომ, რომ თუ ჩვენ დღეს არ შევცვლით მიწისქვეშა კომუნიკაციებს, ხვალ ახალ საგზაო ინფრასტრუქტურაზე გვექნება იგივე პრობლემები. ამიტომ, ერთად უნდა გავიჭირვოთ და უნდა გავაკეთოთ, რაც აუცილებლად გასაკეთებელია"- თქვა კალაძემ.