თბილისის მერი, კახა კალაძე "სიცრუეს და ტყუილს" უწოდებს ინფორმაციას იმაზე, რომ ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი სარტყლისა და გზის ფორუმის შემდეგ ბანკეტს დაესწრო, სადაც ვლადიმერ პუტინიც იმყოფებდა.
"ეს არის სიცრუე და ტყული. ასე რომ, საზოგადოება არ შეიყვანოთ შეცდომაში და დაანებეთ ტყუილებზე საუბარს თავი. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნისთვისაც საინტერესო პროექტია. შესაბამისად, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია და თუ ისეთი ადამიანი იღებს მონაწილეობას, რომელიც შეიძლება ჩვენთვის პრობლემა იყოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უარი თქვას აღნიშნულ პროექტზე", - ამბობს კალაძე.
ბანკეტი 18 ოქტომბერს სარტყლისა და გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტაბულამ გაავრცელა.
როგორც ბანკეტის ჩანაწერებიდან ირკვევა, ლევან დავითაშვილი სხვა სტუმრებთან ერთად, რომელთა შორის ვლადიმირ პუტინიც იყო, საზეიმო ბანკეტს დაესწრო, სადაც სიტყვით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა.
გარდა ამისა, ფორუმის გახსნის დღეს ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლას ლევან დავითაშვილი და ჩინეთში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ. ეს ჩანს გავრცელებული ვიდეოებიდან, რომელიც მათ შორის კრემლის საიტზეა ხელმისაწვდომი.
ჩინეთში ვიზიტის შესახებ აცხადებდა თვითონ მინისტრი და ინფორმაციას სამინისტროც ავრცელებდა, თუმცა არაფერი თქმულა საზეიმო ბანკეტის შესახებ.