თბილისის მერი კახა კალაძე ჯგუფ მგზავრების მიერ კონცერტის გაუქმებას ეხმაურება და ჯგუფს, რომელსაც მერიამ კონცერტში მონაწილეობა თავად შესთავაზა, რუსეთში კონცერტების ჩატარებას ახსენებს.
კალაძე ჯგუფის განცხადებას, რომელშიც მათ კონცერტი გააუქმეს და აღნიშნეს, რომ "საქართველოს მომავალი ევროპაშია", ფარისევლურს უწოდებს.
"პირველი, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოს მომავალი ეს არის ევროპა და თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად ეს განცხადებები არის ფარისევლური. ის გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი იყო - პირველ რიგში მათთვის, თორემ ჩვენ.. მაგით რა დამიშავდა, ან იქ მისულ ადამიანებს რა დაუშავდებათ.
პირველ რიგში მათთვის არის, თორემ თუ დააკვირდით ყველა შეურაცხყოფას აყენებდა ამ ადამიანებს. ღირსება არ უნდა დაკარგო, სადაც არ უნდა იყო. რატომ არის ფარისევლური - ყოველ კვირას რუსეთში რომ დადიხარ და რუბლებს რომ იღებ რა ევროპაზე გველაპარაკებიან, რა ევროპულ მომავალზე გველაპარაკებიან. ერთი სიტყვა არ უხსენებიათ თუნდაც ოკუპაციასთან დაკავშირებით - იმიტომ რომ თუ ამას ახსენებენ, მაშინ იქ აღარავინ შეუშვებს ალბათ ხო...
შეთანხმებული იყო ყველაფერი იმ ზეწოლის შედეგად. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი - ეს ლიბერალი რაც არის ფაშისტური ქმედებები, ნახეთ რა შეურაცხყოფებს აყენებდნენ... ჩვენ ამ ადამიანებსაც გავათავისუფლებთ, მგზავრების მდგომარეობაში შევდივარ, მესმის - იმ წნეხში, ზეწოლაში, ბულინგში, სადაც იმყოფებიან, შეიძლება ბევრი ჩვენი თანამოქალაქეც იყოს, ყველას გავათავისუფლებთ 26 ოქტომბერს", - თქვა კალაძემ.
კითხვას, თუ ვინ იმღერებს პარკის გახსნაზე მგზავრების ნაცვლად, კალაძემ ასე უპასუხა: "მე ვიმღერებ..."
***
ჯგუფმა მგზავრებმა თბილისის მერიის მიერ დაორგანიზებული კონცერტი გააუქმა: "მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია", - დაწერა ჯგუფმა.
აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს მერია ზღვისუბნის პარკს ხსნის და მოსახლეობას კონცერტზე ეპატიჟება - გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად დაიგეგმა. კერძოდ, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - 20 ოქტომბერს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება.