კალაძე: ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის შემფასებელი

კალაძე: ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების და ხელისუფლების ლეგიტიმურობის შემფასებელი

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნებისა და ხელისუფლების ლეგიტიმურობის შემფასებელი.

კალაძის თქმით, ეს ეუთო/ოდირის საქმეა.

"ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი და იმის, რომ ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა, ამას აფასებს ეუთო/ოდირი. ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რომელიც იყო საოცრება, ასეთი დასკვნა მე არ მახსოვს არჩევნებზე და არჩევნების დასრულების შემდეგ. პირდაპირ გამოვიდნენ და თქვეს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრალვაპარტიული და ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეკეთებინა საკუთარი არჩევანი", - ამბობს ის.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოძიებას, კალაძის თქმით, ეს ვერ წარმოუდგენია.

"ქვეყნის გარეთ როგორ უნდა დაიწყოს გამოძიება, დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ვცხოვრობთ ჩვენი კონსიტუტციით და კანონით, საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს, რას ნიშნავს, ვერ წარმომიდგენია", - განაცხადა კალაძემ.

საერთაშორისო მისია მიუთითებს, რომ ქართულმა ოცნებამ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, ასევე, მმართველი გუნდის მხრიდან იყო შანტაჟის, დაშინებისა და მოსყიდვის შემთხვევები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ არჩევნები დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთმა შემთხვევამ, ასევე, ამომრჩევლის შევიწროებამ და დაშინებამ. ბაიდენის განცხადებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. მან მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.