ჯორჯ ბუში: რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით

ჯორჯ ბუში: რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო პრეზენტაციაზე დეივიდ კრამერმა ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილი წაიკითხა.

იგი წერს, რომ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისაკენაა მიპყრობილი, რომლის ომში გამარჯვებაც დიდ გავლენას მოახდენს როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსა და, ზოგადად, მსოფლიოს დემოკრატიულ განვითარებაზე. მისი თქმით, უკრაინის გამარჯვება შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ბიძგი 15 წლის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების გათავისუფლებისაკენ.

ბუში ასევე აღნიშნავს საქართველოს სამოქალაქოს საზოგადოების როლს იმაში, რომ ქვეყანა წინ მიდის ევროატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოებისაკენ. თუმცა, მისი თქმით - "რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით."

"გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მე ვიცნობდი. ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და იმით, რომ თქვენი მთავრობა არ გამოხატავს საჭირო მხარდაჭერას უკრაინისადმი.

ეს არის დრო, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ თავისუფლების იდეის გარშემო. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია იმისათვის, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც თავისუფლების იდეას ებრძვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი მსოფლიოში" - ნათქვამია ჯორჯ ბუშს წერილში.