ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია

ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ის ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია. ეს განცხადება მან ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

"პასუხია - არა", - ასე უპასუხა ჯო ბაიდენმა კითხვას, უჭერს თუ არა მხარს ასეთ პერსპექტივას.

ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელელებთან ერთად განიხილავენ, რა შეიძლება გააკეთონ მათ. ის აღნიშნავს, რომ დიდი შვიდეულის (G7) ყველა წევრი სახელმწიფო თანხმდება, რომ ისრაელს აქვს საპასუხო ქმედების უფლება, თუმცა ეს ქმედება უნდა იყოს პროპორციული.

ჯო ბაიდენმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები იქნება შემოღებული და დასძინა, რომ მალე საუბარს გამართავს ისრაელის პრემიერთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.

"ცალსახაა, რომ ირანმა კურსს გადაუხვია", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

მოგვიანებით ისრაელის თავდაცვის ძალებში თქვეს, რომ ირანის მხრიდან საფრთხე აღარ არსებობდა და შეტევის დასრულების შესახებ განაცხადეს.

ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 1-ელ ოქტომბერს გავრცელდა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.