საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული 8 მოქალაქეა ჰოსპიტალიზებული, მათ შორის, 1 კლინიკიდან გაწერილია.
მათი ცნობით, მოქალაქეებს დაზიანებები აქვთ სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, აღენიშნებათ ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები.
"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის : ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ".
ცენტრის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 20 ბრიგადა. ტერიტორიაზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის, 1 სამართალდამცავს.
"მათ ძირითადად აღენიშნებოდათ თავის ტკივილი და თვალების წვა. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ყველა მოქალაქისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების სათადარიგო ბრიგადები დამატებით მობილიზებულია ასევე რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაწყების დროიდან", - ნათქვამია განცხადებაში.