ისრაელი მოსკოვში ჰამასის ლიდერების ჩასვლას ეხმაურება და მას უხამს ნაბიჯს უწოდებს. ისრაელის საგარეო სამინისტროს სპიკერის განცხადებით, ეს ტერორიზმი მხარდაჭერას ნიშნავს.
"ჰამასი ISIS-ზე უარესი ტერორისტული ორგანიზაციაა. ჰამასის მაღალჩინოსნების ხელები 1400-ზე მეტი ისრაელელის სისხლითაა დასვრილი, რომლებიც დახოცეს, მოკლეს, დახვრიტეს და დაწვეს. ისინი პასუხისმგებელნი არიან 220-ზე მეტი ისრაელეის გატაცებაზე, მათ შორის ჩვილების, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების.
ისრაელი ჰამასის მაღალჩინოსნების მოსკოვში მიწვევას უხამს ნაბიჯად მიიჩნევს, რომელიც მხარს უჭერს ტერორიზმს და ლეგიტიმაციას აძლევს ჰამასის ტერორისტების სისასტიკეს", - აცხადებს ის.
რუსეთის დედაქალაქში ჰამასის წარმომადგენლები იმყოფებიან. რუსული სამთავრობო მედიის, RIA Novosti-ს ცნობით, ტერორისტული დაჯგუფების დელეგაციას ჰამასის პოლიტბიუროს წევრი მუსა აბუ მარზუკი ხელმძღვანელობს. ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვამ დაადასტურა.
დაადასტურა ისიც, რომ რუსეთში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალი ბაგერი კანიც ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შეხვდა.