იმედა დარსალია: საზმაუს ბოლშევიკური მენეჯმენტი პოლიტიკურ წმენდას ატარებს

იმედა დარსალია: საზმაუს ბოლშევიკური მენეჯმენტი პოლიტიკურ წმენდას ატარებს

ჟურნალისტი იმედა დარსალია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით "ბოლშევიკური მენეჯმენტის პოლიტიკურ წმენდას" უწოდებს. ამის შესახებ მან ფორმულასთან ისაუბრა.

"წელიწად ნახევრის წინ ჩვენით დაიწყო წმენდა და არ ყოფილა მოულოდნელი გორგილაძის გადაცემის დახურვა, სიმართლე რომ ვთქვათ. დაფინანსება, ყველამ ვიცით, რომ ჯერ შემცირებული არ არის და მომდევნო ორი წელი არ შემცირდება კიდევ. ასე რომ, საზმაუს ბოლშევიკური მენეჯმენტი პოლიტიკურ წმენდას ატარებს, ეს ძალიან ცხადია და ამას წყალი არ გაუვა", - განაცხადა მან.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.

დათო გორგილაძეს არაერთხელ დაუფიქსირებია პირადი აზრი სხვადასხვა საკითხზე. ის ხელისუფლების მიერ დაინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებდა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გუშინ, 16 დეკემბერს გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და თქვა, "რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება" მიუღებელია. მათ ეს გადაწყვეტილება "გაზრდილი კაპიტალური ხარჯებით" ახსნეს, რაც არხის განცხადებით,"სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

***

საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. არსებული კანონით, დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის ოდენობით ხდება. მაგალითად, 2021 წელს დაფინანსება 69,6 მლნ ლარს შეადგენდა.

ახალი კანონის თანახმად, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით 15 დეკემბერს დაუჭირა მხარი, დაფინანსების წესი იცვლება. საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი.