გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი ფაქტმა" რუსულ კანონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საჯარო სამსახურში დასაქმებულების კოორდინირებული ქცევა დააფიქსირა.
"აი ფაქტის" ინფორმაციით, მამუკა მდინარაძის მიერ 3 აპრილს ოფიციალურად გაკეთებული განცხადების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში სოციალურ ქსელებში საჯარო სამსახურში დასაქმებულებმა შეთანხმებულად, ერთი და იმავე ინფორმაციის გაზიარება დაიწყეს – თუ რას გულისხმობს კანონპროექტი. გამზიარებელთა შორის არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიების, საკრებულოების, სახელმწიფო რწმუნებულის თანამშრომლები, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები.
"აი ფაქტი" ფოტოს გამზიარებელთაგან 5 ადამიანს ესაუბრა: სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ხარაგაულის მერის მოადგილეს, ცაგერის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის დირექტორს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარეს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხუთივე მათგანმა ერთი და იგივე პასუხი გასცა, რომ ფოტოს სოციალურ ქსელში წააწყდნენ და რადგან მათ შეხედულებას ემთხვეოდა, ამიტომ გადმოწერეს და შემდეგ ატვირთეს.
გარდა ამისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება და სამთავრობო ფეისბუქ გვერდები პოსტებს არეკლამებენ, რაშიც ასობით დოლარს ხარჯავენ.
დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.