იემენის სანაპიროსთან გემის გადაბრუნების შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა. გადარჩენილების თქმით, გემი, რომელზეც 250 ადამიანი იყო, ძლიერი ქარის გამო ჩაიძირა. დაკარგული 100-მდე ადამიანის ძებნა გრძელდება.
რუდუმის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ბორტზე მყოფები იყვნენ მიგრანტები, ძირითადად ეთიოპიიდან, რომლებიც იემენს სატრანზიტო პუნქტად იყენებენ, რათა სპარსეთის ყურის ქვეყნებამდე მიაღწიონ.
რუდუმის რაიონის ხელმძღვანელი ჰადი ალ-ხურმა ამბობს, რომ გემი მანამდე ჩაიძირა, სანამ სანაპიროს მიაღწევდა:
"მეთევზეებმა და ადგილობრივებმა 78 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც ამბობენ, რომ მათთან ერთად მყოფი კიდევ 100 ადამიანი დაიკარგა. ძებნა გრძელდება და გაერო ინფორმირებულია".
გაეროს ინფორმაციით, გასულ წელს სომალის ნახევარკუნძულიდან, აფრიკის რქიდან იემენში 97 ათასი მიგრანტი ჩავიდა.