უნგრეთის ევროპის საქმეთა მინისტრის იანოს ბოკას თანახმად, 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოზე საქართველოს შესახებაც იმსჯელეს.
საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ სხდომაზე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების საკითხი გერმანიამ წამოჭრა.
"ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთგულებას რეგიონის სტაბილურობისა და დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ", - თქვა იანოს ბოკამ.
პრესკონფერენციაზე მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, რომელიც 17-18 ოქტომბერს გაიმართება, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მთელ რიგ აქტუალურ საგარეო პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ, ამ კონტექსტში კი აღნიშნა, რომ "განსაკუთრებული ყურადღება" საქართველოში არსებულ ვითარებას დაეთმობა.
15 ოქტომბერს ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს დაწყებამდე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპისა და კლიმატის საკითხებში ანა ლიურმანმა.
მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვებს უდებს.
"ქართველები ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოცნებობენ, სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვებს უდებს. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომ ეს ოცნება რეალობად ვაქციოთ. ქართველ ხალხს აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად გადაწყვიტოს თავისი მომავალი", - თქვა ანა ლიურმანმა.
სხდომის დაწყებამდე კომენტარი ასევე გააკეთა საფრანგეთის ევროპის მინისტრმა ბენჟამინ ჰადადიმაც და საქართველოში არსებულ ვითარებაზე "შეშფოთება" გამოთქვა.
"ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან ფხიზლად ვადევნებთ თვალს იმას, რაც საქართველოში ხდება. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ევროპულ მისწრაფებას ქართველო ხალხის, მაგრამ ევროკავშირი არის ღირებულებების კავშირი, კანონის ფუნდამენტური ნორმების პატივისცემით, სამართლიანობით, დამოუკიდებლობით, სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემით, უმცირესობებისა და ლგბტ ადამიანების უფლებების პატივისცემით და ამ მხრივ სიტუაცია საქართველოში გვაშფოთებს", - თქვა მან.